საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის გზაზე, ახლა აუტსაიდერია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.
მერაბიშვილმა გადაცემაში ჩართვისას მადლობა გადაუხადა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერი განცხადებებისთვის. მისი თქმით, დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს ქვეყნის შიგნით პროტესტის პარალელურად.
„დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად და რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ. მსურს, მადლობა გადავუხადო უკრაინის მთავრობას, პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობას, რომლებმაც არაერთხელ გააკეთეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები. მსურს, აღვნიშნო, რომ ბოლო დროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასავლეთში საზოგადოებრივი აზრი უმჯობესდება. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ზეწოლა და ასევე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტია ძალიან მალე აქტიურ მოქმედებებზე გადავა და ეს გარკვეულ შედეგებს მოგვცემს. წინასწარ რაიმე პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ როგორც ქართული პროპაგანდა ავრცელებს ინფორმაციას, „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო, რაკეტები, რომლებიც უკრაინაში დაფრინავს, თბილისის თავზე იფრენდა; ტანკები, რომლებიც უკრაინაში დადიან, საქართველოში ივლიდნენ“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ყოველმა მესამე ქართველმა ნახა რუსული ტანკები თავისი თვალით.
„2008 წელს უფრო რთული სიტუაცია იყო, არა იმიტომ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ დასავლური აზრი მაშინ სრულიად განსხვავებული იყო. ასე იყო ყირიმის ოკუპაციის დროსაც. როდესაც მთელ მსოფლიოში სიტუაცია შეიცვალა, როდესაც ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიცაა უკრაინა, საჭიროებს დახმარებას, როდესაც საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირში დამოუკიდებლობის, პროდასავლურობის თვალსაზრისით, ახლა საქართველო, მსუბუქად რომ ვთქვათ, გახდა პასიური. არა მხოლოდ არასოლიდარულია უკრაინის მიმართ, არა მხოლოდ არ ეხმარება მას, არამედ, პირიქით, საქართველო აქტიურად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც გმირულად იცავს საკუთარ ქვეყანას. უკრაინამ ევროპის კარი გახსნა და შანსი მისცა საქართველოს. საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის გზაზე, ახლა აუტსაიდერია. ახლა ყველაზე მთავარია, რომ მოხდეს პროტესტების ორგანიზება. დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე ცისკარიშვილი, ხაბეიშვილი, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა, სხვა ახალგაზრდა ადამიანები ძალიან სერიოზულად არიან ამით დაკავებული. ისინი აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავლის მიმართ“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
წყარო: 1tv.ge