რადიკალურ ოპოზიციაში უკვე დარწმუნებით იციან, რომ ხუთიანის ფაქტორი ვერ ასცდება 20 პროცენტს და ცდილობენ, „ნაცებისგან“ გამიჯვნით მოიპოვონ ნდობა ამომრჩევლის 20 პროცენტზე, რომელიც გადაუწყვეტელ ნაწილს წარმოადგენს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ნადირობა მიდის, ეს მარტივი და მდაბიო პიარია თავად „ნაცმოძრაობისგან“, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი „ნაცები“ პრაქტიკულად არ არსებობენ. როგორ შეიძლება, მელია, გვარამია, ხაზარაძე და ა.შ. ისე გაემიჯნონ „ნაცებს“, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, დანარჩენმა ადამიანებმა ჩავთვალოთ, რომ ეს დღეს „ნაცი“ აღარ არის და არ ასრულებს მათ მიზნებს.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ფრთა, რომელსაც მაქსიმუმ 20 პროცენტი აქვს, ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნით მოიპოვოს ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მხარდაჭერა, რომელიც ასევე 20 პროცენტს შეადგენს.
მისივე თქმით, აღნიშნული სამიზნე ჯგუფის ხმების მოსაზიდად, სხვა პარტიების მსგავსად, „ქართული ოცნებაც“ მუშაობს.
„იქიდან გამომდინარე, რომ მათ რადიკალურ ფრთას აქვს დაახლოებით 20 პროცენტამდე რეიტინგი, 17-18 პროცენტში არიან დღეის მდგომარეობით, ესეც მაქსიმუმ, დანარჩენ 20 პროცენტზე, რომელიც შუაშია და გადაუწყვეტელ ნაწილს წარმოადგენს, ამ ხმებზე მიდის ნადირობა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რადგან იქ პოტენციალი არ აქვთ და იმ 20 პროცენტს ვერაფრით ასცდებიან „ნაცები“ და ე.წ. „5-იანის ფაქტორი“ ვერ ასცდება ამ 20 პროცენტს, უკვე დარწმუნებით იციან, ცდილობენ, რომ 20 პროცენტის ზევით, მათგან გამიჯვნით მოიპოვონ ნდობა. იმ 20 პროცენტს ყველა ემუშავება, მათ შორის, გაგიმხელთ და „ქართული ოცნებაც“, ბუნებრივი ამბავია, რადგან 20 პროცენტი გადაუწყვეტელი არის ის სამიზნე ჯგუფი, რომელსაც ყველა პარტია ემუშავება, რომ დარჩნენ იმად, რაც არიან და არ ითამაშონ „არა-ნაცის“ როლი, ამ შემთხვევაში, თავის ბოლო რადიკალურ ამომრჩეველს, უკაცრავად ყველასთან, მათ ასე მოვიხსენიებ, რადგან რადიკალებს უჭერენ მხარს, თავიანთი ამომრჩევლისგან დამატებით, ვერავის მხარდაჭერას მიიღებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.