საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ახალმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო.
ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად, ხოლო ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, პარლამენტში ცვლილებები შეეხო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ერთი ვიცე-სპიკერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პირველი მოადგილის, ასევე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და პირველი მოადგილის თანამდებობებს.
„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც , ტრადიციულად, იმართება ხოლმე ყოველი სასესიო კვირის ორშაბათ დღეს, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. როგორც უკვე გქონდათ ინფორმაცია, პირველი ეხება უმრავლესობის ლიდერის არჩევას და მე დამიჭირეს მხარი. ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი. უმრავლესობა ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც გათავისუფლდა, ვიცე-სპიკერის ადგილზეა საუბარი, ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ნინო წილოსანს. ასევე, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ ანუ როდესაც მე უმრავლესობის ლიდერად ამირჩიეს, ამის შემდეგ მოხდა ეს კენჭისყრა, რატი იონათამიშვილს. ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ, რაც ნინო წილოსანი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, ანუ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს, გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის პირველი მოადგილის პოზიციაზე ირაკლი-დაჩი ბერაიას. ეს საკადრო გადაწყვეტილებები იქნა დღეს მიღებული. ზოგი მათგანი უკვე შევიდა ძალაში, რაც შეეძლო უმრავლესობას და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ გადაეწყვიტა, ხოლო პარლამენტის მიერ გადასაწყვეტ საკითხებზე ჩვენ შესაბამის თანამდებობებზე წარვადგენთ ჩვენს კოლეგებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.