მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს იმგვარი რეპუტაცია, რომ შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიოს, ცდილობენ, მესამე, ფსევდოშუაშისტური ძალა შექმნან და ამით გარდამტეხი ცვლილებები შეიტანონ, მათი მცდელობა წარუმატებელია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ქართველებს სუფრაზე რომ გვიყვარს ხოლმე, დაშლა-არმოშლისო, ასეთ დღეში არიან – იშლებიან და არ იშლიან თავისას, დაახლოებით ასეთი ამბავია. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ორი მიმდინარე საკითხი ემთხვევა ერთმანეთს ამ შემთხვევაში, ერთი მართლაც წარმოუდგენელი ნიჰილიზმია გამეფებული „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ეს ობიექტურად ძალიან კარგია. ჩვენ ცოტა ნელი ტემპით, მაგრამ ვახერხებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, რაც ძალიან კარგია. დინამიკურად, თანმიმდევრულად ვითარდება პროცესი წლების განმავლობაში და რაც უფრო მეტი წელი გადის, „ნაცმოძრაობა“ მით უფრო სუსტდება. ეს კარგია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გადანაწილება სხვადასხვა ძალაში.
„ამავდროულად, ეს პარალელურ პროცესს ემთხვევა თუ ამთხვევენ, მიდის გადანაწილება სხვადასხვა ძალაში. როგორც უკვე ჩანს, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ასეთი გეგმა, რომ გაიშალონ სხვადასხვა ფლანგზე, მინიმუმ, ორი-სამი ან ოთხი ფლანგიც კი ჩამოაყალიბონ, ეგრეთ წოდებული შუაშისტების გარკვეული კლასტერი „ნაცმოძრაობის“ რეალური აქტივისტებისგან შექმნან, ხაზარაძე იქნება თუ გახარია და ა.შ. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამ ბანაკში მყოფ ადამიანებზე ვსაუბრობ, ერთი დავალების ქვეშ მოქმედი ადამიანების, პოლიტიკოსების შესახებ ვსაუბრობ, და აქედან შეძლონ რაღაცნაირად მესამე ძალის შექმნა, რომელიც, მათი გათვლებით, შესაძლოა, არჩევნებში მოიაზრებოდეს მათი მხრიდან მეორე ადგილზე გასასვლელ ძალადაც კი. ასეთი მიზნები აქვთ, რადგან მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს იმგვარი რეპუტაცია და ვერც შეიქმნის, რომ შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიოს, ისეთს, რომ „ქართულ ოცნებას“ აჯობოს, რეალური კონკურენცია გაუწიოს. ცდილობენ, მესამე, ფსევდოშუაშისტური ძალა შექმნან და ამით გარდამტეხი ცვლილებები შეიტანონ. მათი ეს მცდელობა არის წარუმატებელი, შესაკრებთა გადანაცვლებით არანაირი ჯამი არ შეიცვლება. ის კი არა, ისე ხდება ხოლმე, რომ პოლიტიკურ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი ცოტა ნაკლებია ხოლმე პოლიტიკაში, ასეც ხდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.