ჩვენი საზოგადოება ექვსდღიანი ბულინგის ქვეშ არის, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ხმები მოიპარეს, თუმცა ამის შესახებ არცერთი მტკიცებულება და რეალური ფაქტი არავის არ წარმოუდგენია. როგორც ჩანს, ტოპტვინებმაც ჯერჯერობით ვერაფერი მოტვინეს, თენგოც არაფერს იძახის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, უკვე ექვსი დღე გავიდა არჩევნების შემდეგ და „სამართლიან არჩევნებს“ დღემდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომელიც მათ შექმნეს.
„გავიგეთ ჯერ მხოლოდ ის, რომ მათი პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, მაგრამ იქ არის უამრავი დეტალი, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ისინი სჩადიან უპრეცედენტო რამეს, რომ არ აქვეყნებენ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, თავის მონაცემებს. წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ. მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც, როდესაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ჯერ ყალბდება, მეორე შემთხვევაში საერთოდ არ ქვეყნდება, რადგან თურმე ასე მიაჩნიათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.