თუ მადურომ ის დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა, ხვალ დიდი შანსია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება უკან წაიღოს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ვენესუელას პრეზიდენტის მიერ არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ. ჟურნალისტმა მას ჰკითხა - „ვენესუელის პრეზიდენტი გარდა იმისა, რომ აღიარებს არჩევნების შედეგებს და გცნობთ ლეგიტიმურ მთავრობად, ასევე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობს აფხაზეთსა და ოსეთს. როგორ შეიძლება გაიგონ ეს საქართველოს მოქალაქეებმა?“.

„ეს მეათიათასე შემთხვევაა, ჩვენ რომ გვთხოვენ პასუხს სხვისი მოქმედების გამო, მათ შორის, რუსები რომ განცხადებას გააკეთებენ, პირველი თქვენ ეცემით ხოლმე ამ განცხადებას - რატომ აკეთებენო. ეს ძალიან კარგია, რადგან ადამიანმა, რომელიც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარა, დაინახა რეალობა, რომ აქ არაფერი მომხდარა, ხვალ იმ რეალობასაც დაინახავს, რომ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმატებაა. თუ მადურომ ის დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა, ხვალ დიდი შანსია, რომ აღიარება უკან წაიღოს, ის ცუდი საქციელი, რომელიც ჩაიდინა იმ ქვეყნებმა, რომლებმაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს. მადუროს რომ მიადექით, ჩინელებზე არაფერს ამბობთ, თურქეთზეც არაფერს. ორბანზე, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერზე არაფერს ამბობთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.