საქართველოს არ ჰყავს უფროსი, ჰყავს მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. როგორც კი ამას ლაპარაკობ, ნაცები და მათი მედია ამას რუსულს არქმევს. რასაც რუსულს ეძახიან, დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ „ღია საზოგადოების ფონდში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკრებაზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა: „თუ პარტნიორები არ დაგვეხმარებიან განცხადებებით, ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ“. მდინარაძის თქმით, რადგანაც ნინო ლომჯარია აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.
„ვინაიდან ნინო ლომჯარია კომენტარს არ აკეთებს, ე.ი. ინფორმაცია რეალურია. რადგან ინფორმაცია რეალურია, ისიც რეალურია, რომ მათ მხოლოდ გარედან დავალებების მიღებისა და შემდეგ განცხადებების ისე დალაგების იმედი აქვთ, რაც საზოგადოებას აღაშფოთებს. შარშან ერთ-ერთმა ელჩმა დასტარტა და ამერიკულ კანონს რუსული კანონი პირველმა სწორედ მან უწოდა. იმ ხალხს გარეთ თავი უნდა დავანებოთ, უნდა ვემეგობროთ. ევროპელები, დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი, ეს რაღაცნაირად უნდა შევიგნოთ. ეროვნული თავმოყვარეობა იქამდე უნდა მივიყვანოთ, შევიგნოთ, ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული, რუსული კი არ არის, ქართული თავმოყვარეობიდან გამომდინარეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, უცხოელი პარტნიორები არიან საქართველოს მეგობრები და არა უფროსები.
„როდესაც გაუჭირდებათ და სადღაც გარეთ რეკავენ, ეს არის საბჭოთა სტილის მონური დამოკიდებულება. მათ აქვთ მონური დამოკიდებულება. როგორც კი პოლიტიკურად რამე გაუჭირდებათ, იქვე, სადღაც გარეთ რეკავენ – დაგვილაგეთ, თორემ, სხვანაირად, დავიღუპებითო. ჩვენი დამოკიდებულებაა – ჯერ ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოების აზრი და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. პარტნიორები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ მათი, მაგრამ არავინ არის ჩვენი უფროსი. საქართველოს არ ჰყავს უფროსი, ჰყავს მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. როგორც კი ამას ლაპარაკობ, ნაცები და მათი მედია ამას რუსულს არქმევს. რასაც რუსულს ეძახიან, დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.