როგორც ჩანს, გვარამიას ორი რეზოლუცია სჭირდება დაფინანსებაზე. ერთი ქვეყნის შიგნით, „ვივამედში“ მოთავსებული პატიმრისგან და ერთიც ქვეყნის გარედან, ცნობილი წყაროსგან. ამ ორი რეზოლუციის თანხვედრის შემთხვევაში ის მიიღებს დამატებით დაფინანსებას იმ შავი სალაროდან, რომელიც წაგლეჯილია საქართველოს ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წევრები, რომელთაც აქვთ ერთი საერთო, ძალიან მძიმე წარსული, ვერასდროს ვერ იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები.
„ისინი მხოლოდ და მხოლოდ კონკურენტები იქნებიან საბოტაჟში, სიბნელეში, ბოროტებაში და ა.შ. სხვა რეალურ, პოლიტიკურ კონკურენციას ისინი ერთმანეთს ვერ გაუწევენ, რადგან ისინი ერთი მხრიდან, ერთი დავალებით, ერთი მიზნით იმართებიან. მხოლოდ აქ შეიძლება ისინი კონკურენციაში შევიდნენ. რეალურ პოლიტიკურ კონკურენციაში ისინი ვერ შევლენ ერთმანეთთან. რაც შეეხება პოლიტიკურ მომავალს, „ნაცმოძრაობას“ აქვს საერთო პოლიტიკური მომავალი. „ნაცმოძრაობის“ წახნაგებს, უფრო გარადიკალურდება და „ლელო“ დაერქმევა, უღალატებს „ქართულ ოცნებას“ და გახარიას რაღაც პარტია დაერქმევა, ნიკა გვარამია ცალკე შექმნის რაღაც მოძრაობას და იმას კიდევ რაღაც დაერქმევა თუ ა.შ. რამდენ ნაწილადაც უნდა დაიშალონ, ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელიც დავალებას იღებს ე.წ. გლობალური ომის პარტიისგან და ამ საერთო კოალიციას ჰქვია „ნაცმოძრაობა“. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა წევრებისგან შემდგარი რაღაც ერთობა, რომელიც ბოროტება იყო წარსულშიც, ბოროტებაა აწმყოშიც, საქართველოს ეროვნული და ევროპული ინტერესების მოწინააღმდეგე და მომავალშიც, სამწუხაროდ, ბუნებრივია ეს მოლოდინი არსებობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.