ამასთან დაკავშირებით ალბათ მეტი დეტალი საინტერესო იქნებოდა. რას აცხადებენ საელჩოები, რას აცხადებენ თავად მოსამართლეები, რასთან დაკავშირებით არიან, ეს მივლინებაა თუ რაიმე სხვა მიზნობრიობით, ამის შემდეგ უფრო კონკრეტულ დასკვნას გამოვიტანდით, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ შეკითხვას „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში აკრედიტებულმა ერთ-ერთმა საელჩომ თავის თანამშრომლებთან ერთად ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში წაიყვანა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თვლის, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისა და დეტალის გასაჯაროება მნიშვნელოვანია.
„ნებისმიერი ჩარევა რაღაც ფორმით, ხან ვითომ პოზიტიური ფორმით და ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ნეგატიური ფორმით, ნიშნავს მაინც ჩარევას. ჩარევა სასამართლოში, მის დამოუკიდებლობაში, თუ რაიმე ჯგუფი გამოიყოფა იმ ნიშნით, რომ მაინცდამაინც ვეტინგის მომხრეები არიან და წახალისებები ამასთან დაკავშირებით ხდება, ეს სამწუხაროა და ამასთან დაკავშირებით მეტი დეტალი და მეტი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.