ერთი რამ მკაფიოდ უნდა ვთქვათ - გრიგორიადისის მხარდაჭერა და მისი გათავისუფლების მცდელობა არის სიგნალი და ერთგვარი მესიჯი ახალგაზრდების კრიმინალში ჩართულობის კუთხით და იმისთვის, რომ ასეთი ჩართულობის შემთხვევაში ისინი არ დაისჯებიან, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ასეთი სიგნალის გაგზავნა უნდათ ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ტყუილებზე დაფუძნებული აღქმებით ახალგაზრდები საპროტესტო მოძრაობებში ჩართონ და დარაზმონ და შესაბამისად, სიგნალი გაგზავნონ მათთან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი პოლიციელის ცოცხლად დაწვას მოინდომებს, „მოლოტოვის კოქტეილს“ გამოიყენებს პროტესტის გამოხატვის ფორმად, ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება ის თავისუფლებაში იყოს. თუ ამას საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს, ბუნებრივია ისიც თანამონაწილე იქნება ახალგაზრდებში ამ მესიჯის თუ სიგნალის გაშვების“, - აღნიშნა მდინარაძემ.