ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. მამუკა მდინარაძემ დიპლომატს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ფრაქციის თავმჯდომარე პეტრ კუბერნატს  საგარეო პოლიტიკის იმ ძირითად პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს მოიცავს.

„ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც მან საქართველოს საგარეო კურსის მიმართ მისი ქვეყნის მხარდაჭერა დააფიქსირა.

ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ჩვენს ქვეყანას ჩეხეთის უპირობო მხარდაჭერა და თანადგომა ექნება. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირის დიდი ოჯახის სრულფასოვან წევრობას იმსახურებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.