არავის აინტერესებს არც ერთი ადამიანის ვიზუალი და სექსუალური ორიენტაცია. ეს არის თემის გადაფარვის მცდელობისთვის ოპოზიციის მიერ წამოსროლილი სიტყვები - თვითონ უსვამენ ამას ხაზს განსაკუთრებულად ბოლო დღეების განმავლობაში. სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა და ვერ იქნება კომპრომისი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ლაზარე გრიგორიადისის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„მოლოტოვის კოქტეილებით წვავენ პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებსაც დღე და ღამე აქვთ გასწორებული, ტყვიაზე მიდიან ჩვენი, თქვენი, ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამო. შენ დგახარ, ესვრი მოლოტოვის კოქტეილს რომ დაწვა ცოცხლად, მერე ღვთის ნებით, დამზღვევი მექანიზმების გამოყენებით, კარგად იყვნენ დატრენინგებული და გადაირჩინეს თავი ცოცხლად დაწვისგან და თურმე, ეს უნდა „გავატაროთ“, იმიტომ რომ რომელიღაც ოპონენტს უთქვამს, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო იჩაგრებაო. არავინ არაფრის გამო არ იჩაგრება ამ ქვეყანაში, ძალიან დიდი ხანია არაერთი წელია უკვე - 2012 წლამდე პერიოდი არ არის. არავის აინტერესებს არც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, არც განსხვავებული შეხედულება თუ გამომეტყველება და არც განსხვავებული ვიზუალი ვინმესი. მთავარია, რას აკეთებდა, რაში ედება ბრალი და რაზეა მტკიცებულება. პოლიციელების ცოცხლად დაწვას, არამხოლოდ საქართველო, არამედ ვერცერთი ქვეყანა ვერავის „გაუტარებს“.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა