კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ აფინანსებს ტელევიზიებს, „ენჯეო“ სექტორის ნაწილს, პარტიებს, ოღონდ არცერთი პარტია საქართველოში ამას არ ადასტურებს, დეკლარაციაში არ აქვთ მითითებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია, ამ ნაწილში გულწრფელობისთვის მადლობაც გადავუხადოთ ამ ადამიანს. ჩვენი ინფორმაცია და მისი ეს განცხადება, ეს ნაწილი ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით ამასთან დაკავშირებით. დიახ, ის აფინანსებს ტელევიზიებს, „ენჯეო“ სექტორის ნაწილს, პარტიებს. მან ეს თქვა გუშინ და დაადასტურა, რომ აფინანსებს, ოღონდ არცერთი მისი დაფინანსებული პარტია საქართველოში ამას არ ადასტურებს, რადგან დეკლარაციაში არ აქვთ ეს მითითებული, არცერთ მათგანს, ანუ მათ აქვთ უკანონო შემოსავლები. ბუნებრივია, ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, თუმცა ფაქტია, ადამიანი თავად ამბობს, რომ აფინანსებს პარტიებს და არ აღმოჩნდა საქართველოში პარტია, რომელიც გაბედავდა და ამას იტყოდა, რადგან დამალული აქვთ ეს შემოსავლები. არცერთ მათგანს ერთი თეთრი არ აქვს მითითებული აუდიტის სამსახურში, სადაც ამის ვალდებულება გააჩნიათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, კეზერაშვილმა ისაუბრა არასამთავრობო სექტორის დსაფინანსებაზეც. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სწორედ ამ მიმართულებით გამჭვირვალობას ეხებოდა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი.
„ამავდროულად, არამხოლოდ პარტიებზეა საუბარი, მან თქვა, თუ სწორად ვიცი, უშუალოდ არ მომისმენია, მაგრამ „ენჯეო“ სექტორზეც. „ენჯეო“ სექტორთან დაკავშირებით დაარქვეს რუსული კანონი. სწორედ ამ გამჭვირვალობას ეხებოდა ეს კანონი, რომელიც პირველი მოსმენით იყო მიღებული. კანონში მხოლოდ ეს ეწერა, დეკლარირების ვალდებულება. მეტი ვალდებულება კანონში არ იყო. სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ თუ იტყოდა ან არ იტყოდა ეს ადამიანი ან სხვა ნებისმიერი ადამიანი, დაფინანსება როგორც კი იქნებოდა ქვეყნის გარედან, ნებისმიერი ფორმით, უნდა მომხდარიყო ამის დეკლარირება. მეტი არაფერი ეწერა, რა იყო აქ რუსული ან არასწორი. რუსულსაც რომ თავი დავანებოთ, თუმცა საუკუნის ფეიკკამპანია დალაგდა, არა რუსულ კანონს – შემდეგ იმეორებდნენ სწორედ იმისათვის, რომ სწორედ ეს ამბები არ გამსკდარიყო, თავად კონკრეტულმა ადამიანმა თავისი პირით გახეთქა. უამრავი სხვა მაგალითი შეგვიძლია, კიდევ მოვიყვანოთ, რაც იქნებოდა გამჭვირვალობის დასაბუთება, თუმცა ფაქტია, რომ ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარტიები და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები არ საუბრობენ იმაზე, რაც დამფინანსებელმა გუშინ დაადასტურა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.