უსაფრთხოების სამსახურს თავისი ფუნქცია აქვს, სპეცსამსახურებისთვის მნიშვნელოვანია საიდუმლო ნაწილი, თუმცა, შემიძლია, მეტი გახსნილობა დაგპირდეთ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში კორუფცია ბოლომდე უნდა იყოს აღმოფხვრილი.
„უსაფრთხოების სამსახურს თავისი ფუნქცია აქვს. სპეცსამსახურებისთვის მნიშვნელოვანია საიდუმლო ნაწილი, თუმცა შემიძლია, მეტი გახსნილობა დაგპირდეთ. თითოეული რგოლის ფუნქცია ძალიან დიდია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის ანტიტერორისტული მიმართულება, სადაზვერვო მიმართულება, კონტრდაზვერვის მიმართულება, ანტიკორუფციული მიმართულება. ამ საკითხებს განზრახ და გამიზნულად ვუსვამ ხაზს, სადაც ჩვენ სერიოზული შედეგები უნდა გვქონდეს. მაგალითად, ანტიკორუფციული მიმართულებით რამდენიმე წელიწადში პრაქტიკულად აღმოფხვრილი, არ ვაჭარბებ, ბოლომდე აღმოფხვრილი უნდა იყოს კორუფცია. ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და არცერთ მომენტში არ იყო არანაირი კორუფციული გარიგების მონაწილე. ეს შესაძლებელია, ეს უნდა დაიჯერონ ადამიანებმა და ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ რეალური მოქმედებებით, არა რაღაც ზედმეტი სიხისტით და ზედმეტად მკაცრი, საჩვენებელი მიდგომებით, არამედ რეალური ბრძოლით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.