ყველაფრის მიუხედავად, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ნაცმოძრაობისგან“ რაღაცის არკადრების მოლოდინი არ გვაქვს-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ამას თქვენგან ვიგებ, დაადასტურა, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც გერმანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, თუ მედიასაშუალებებმა ეს ინფორმაცია მოიპოვეს. ყველაფრის მიუხედავად, ხომ არის რაღაც ზღვარი, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს ამ შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი ალბათ პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს. ანუ, მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით. შეუძლებელია, ეს დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, იმის მიუხედავად, რაზეც უკვე წავიდა. ეს მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა რამდენად მორალურია „ნაცმოძრაობის“ საქციელი, რომ ემუქრებიან პრეზიდენტს – შეუძლებელია, პოლიტიკოსი და ადამიანი ასეთ რამეზე წავიდეს და ჩემი სკამის გამო ვიწყალებდე ერთ კაცს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია.