ვნახეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია, გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი.
„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, გულწრფელად შეგვიძლია, ვთქვათ, ორდღიანი ფიქრის, პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობის შემდეგ, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ეს ამბავი რეაქციის გარეშე არ დაგვეტოვებინა. ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ უდიდესი ალბათობით, ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან უკვე ვნახეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია. გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება პრეზიდენტის, პერსონის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის მთავარი გარანტი. ეს რეაქცია არის ჩვენ მიერ იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა, შემდეგ იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა. 50 ხელმოწერა ჯერ მზად არ არის, ორშაბათს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება. სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება