სამწუხაროა, ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი მართლაც უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, შეგვიძლია გულწრფელად ვთქვათ, ორდღიანი ფიქრის, მსჯელობის შემდეგ, საბოლოოდ, პოლიტსაბჭოს მსჯელობის ფორმატში გადავწყვიტეთ, რომ ეს ამბავი რეაქციის გარეშე არ დაგვეტოვებინა. ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ამას შედეგი უდიდესი ალბათობით არ მოჰყვება, რადგან უკვე ვნახეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები. როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები გახდენენ. თუმცა, ისევ ვფიქრობთ, არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება, პრეზიდენტის მიერ, პერსონის მიერ, რომელიც კონსტიტუციის მთავარი გარანტი უნდა იყოს, ამ კონსტიტუციის დარღვევა და ეს რეაქცია ჩვენ მიერ არის - იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა და შემდეგ იმპიჩმენტის აღძვრა. რა თქმა უნდა, 50 ხელმოწერა მზად არ არის. ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე მეტი ხელმოწერა იქნება. სამწუხაროა, ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება