რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს? - ალბათ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის თავიდან შეცნობა, საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი და ერის მისიის ხელახალი გააზრება - რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით, რა არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის ფუნქცია 21-ე საუკუნის აბობოქრებულ მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიები, ინოვაციები ასე სწრაფად ვითარდება და მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილების მცდელობები მიმდინარეობს. - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"რა უნდა დაუპირისპიროს ამას ჩვენმა ქვეყანამ, რა რესურსი გაგვაჩნია რომ ასეთ მძლავრ კონკურენციას წინააღმდეგობა გავუწიოთ, რა გავაკეთოთ ისეთი, სადაც ჩვენს ქართულ კონტრიბუციას შევიტანთ მსოფლიოს კულტურულ, ეკონომიკურ ცხოვრებაში. თუ ამას დროზე არ გავაკეთებთ, უბრალოდ გავქრებით, იმიტომ რომ, თუ რამეს არ ქმნი და არ გასცემ, ესე იგი არ ვითარდები. თუ არ ვითარდები, საინტერესო არ ხარ, არავის სჭირდები, ესე იგი დეგრადირდები, ესე იგი შენი პროდუქტი ან სერვისი არ სჭირდებათ, ხდები "აუტსაიდერი".
სწორედ ამიტომ უნდა ამოვიცნოთ ჩვენი თავი, კარგად ჩავუღრმავდეთ და ვიპოვოთ ის, რისი კეთებაც შეგვიძლია, ან რაშიც ვიქნებით კონკურენტუნარიანები მსოფლიო მასშტაბით. დიახ, მსოფლიო მასშტაბით - სხვა დონე არ გვაწყობს!
ილია სწორედ ამაზე წუხდა, სწორედ ამ ფუნქციას ეძიებდა ჩვენი ერისთვის, ამიტომ
ავირჩიეთ ჩვენს გზამკვლევად და გეგმად "ილიას გზა". სწორედ ილიასეული გადააზრებაა საჭირო იმისა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, შრომა და მოღვაწეობა. "ილიას გზა" უნდა გახდეს ჩვენი ერის აღორძინებისა და გაძლიერების საწინდარი. "ილიას გზა" და ხედვები უნდა დავუდოთ საფუძვლად განათლებას, გულიანად და ხარისხიანად შრომას, ევროპულ ოჯახში ქართული ფერების შეტანას და იმის გააზრებას, რომ ამის კეთება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია და სხვას არავის!
ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან, როცა ნათლად დაინახავენ, თუ როგორ ვირჯებით ჩვენი
ქვეყნის აღორძინებისა და გამარჯვებისთვის. ევროპაა ჩვენი ადგილი - ასე ხედავდა ილია, ასე ვხედავთ ჩვენც. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!
"ილიას გზა" - "ძლიერი საქართველო"!" - წერს მამუკა ხაზარაძე.