"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. 

"მოგესალმებით,
ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს. ეს ფაქტი „ქართული ოცნებისთვისაც” ცნობილია და სწორედ ეს განაპირობებს მათ პანიკურ ქცევასა და შიშს. ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დადასტურებულად იცის, რომ არ სურს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. არჩევნები და ხმების სამართლიანი დათვლა ამის დასტური იქნება.


ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც არჩევნებით იცვლება ხელისუფლება, დღის წესრიგში დგება რიგი საკითხები. დღეს მე რამდენიმე მათგანზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო.


პირველ რიგში, ჩვენ მივმართავთ ყველას, ვინც ჩვენი სახელმწიფოსთვის შრომობს - ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს - ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება. პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო დასრულდა. 26 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ თქვენთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი არჩევანი თქვენს სამსახურებრივ პოზიციაზე და კარიერაზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს.


ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე თვალს დავხუჭავთ. თუ ვინმემ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვა, უკანონოდ მიისაკუთრა ხალხის ქონება ან საკუთარ ხალხზე იძალადა, ისინი, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გასამართლდებიან. კეთილსინდისერი საჯარო მოხელეები უნდა იყვნენ დაცულები და არასდროს ხდებოდნენ პოლიტიკური დაპირისპირების მძევლები. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ შრომას და დავიცვათ მათი პროფესიული ღირსება, როდესაც ხელისუფლებას შევცვლით.


მეორე გზავნილი გვსურს ყველა პოლიტიკურ პარტიას გავუგზავნოთ. 26 ოქტომბერს და მომდევნო დღეებში საქართველო იქნება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ჩვენ გვმართებს ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა და ჩვენი ხალხის უსაფთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი კოალიცია ამ არჩევნებში ილია ჭავჭავაძის გაკვალულ გზას მიუყვება ურყევი რწმენით, რომ ძნელბედობის ჟამს ქართველები ერთად უნდა დავდგეთ.


ამიტომ, დღეს ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, - თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ძალადობა და ქვეყნის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. მე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყველა ლიდერის სახელით, მოვუწოდებ ჩვენი კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომ, პირველ რიგში, თავად ვაჩვენოთ ღირსეული ქცევის მაგალითი. ჩვენ, ასევე, ვაფრთხილებთ „ქართული ოცნებას“ რომ ხმებით მანიპულირებას, ამომრჩევლის ფიზიკურ დაშინების უფლებას არ მოგცემთ და ყველა ასეთ მცდელობაზე მკაცრად გაგებინებთ პასუხს. ასევე ყველასთვის მისაღები უნდა იყოს არჩევნების ის შედეგები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება აღიარებული, როგორც ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური გამოხატულება.


და, ბოლოს - ჩვენ გვაქვს მარტივი გზავნილი ამომრჩევლებისათვის: გთხოვთ, ნუ დარჩებით სახლში! წადით არჩევნებზე!

ამ არჩევნებში თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული, თქვენი ხმა გადამწყვეტია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში.

ხმა მიეცით მამულიშვილური პასუხისმგებლობითა და სულისკვეთებით. საქართველოს მომავალი თქვენ ხელშია!" - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.