ჩვენი, „ძლიერი საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან კონკრეტული, ამ ქვეყანაში ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა იქნეს განხილული არჩევნების შემდეგ და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, კოალიციის ლიდერებსა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხაზარაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა.
„მთავარი ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაყენოთ ევროპულ კურსზე. კანდიდატების განხილვა არ ყოფილა. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს. არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის ფარგლებში. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი. ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს, მათი არჩევანი არის უზენაესი. ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს. გავიმარჯვოთ, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში, პრეზიდენტი, როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების, იქნება მთავარი ფიგურა. ეს იქნება ოპოზიციური პარტიების და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება. ის ითამაშებს მთავარ როლს, როგორც წერია ქარტიაში. ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს პოზიცია მას გავუზიარეთ და ამ პოზიციას არ შევცვლით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.