უვიზო მიმოსვლის შეჩერებით რეალურად აშანტაჟებენ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს მოქალაქეებს აშინებენ იმით, რომ გარკვეული ზომები შეიძლება გამოიყენონ მათ წინააღმდეგ, რაც ერთგვარად არის ევროკავშირის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია. თითქმის 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს მიდგომას ევროკავშირში არავინ გაიზიარებს და არ მოხდება იმგვარად, რომ საქართველოს მოსახლეობა რაიმე სახით დასაჯონ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის 16 დეკემბერს იქნება განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, არ აქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილებები იქნება იმ ფორმის, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს დააზიანებს.

„დაველოდოთ 16 დეკემბრის განხილვებს. ვიცით და ვხედავთ, რომ ზოგიერთ წევრ ქვეყანას დაუფარავად აქვს საკმაოდ აგრესიული პოზიციები და ამას აჟღერებენ კიდეც საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ისიც ვიცით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი არ იზიარებს ამ პოზიციებს. ასე რომ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. დაველოდოთ იმ განხილვებს, რა განხილვებიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და იმ გზავნილებს, რომლებსაც ჩვენ მოვისმენთ ბრიუსელიდან და რომლის ფარგლებშიც მოგვიწევს შემდგომ ბრიუსელთან მუშაობა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის ქვეყნები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ბევრად კრიტიკული არიან საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თუმცა ევროკავშირში 27 ქვეყანაა და გადაწყვეტილებები ერთსულოვნად მიიღება, როდესაც საქმე ეხება მაგალითად სანქციებს ან სხვა სადამსჯელო ღონისძიებებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.