"სახელმწიფო მდივნის პასუხიდან, დღეს რა დასკვნაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ აშშ-ს საქართველოსთან და ზოგადად ამ რეგიონთან მიმართებაში პოზიციები არ აქვს. ეს არის ის საკითხი, რომელიც განიხილება და ჩამოყალიბდება", - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში საქაღთველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ჯო უილსონი და მის მიერ დასმული კითხვა ქართული ოპოზიციის და აქტივისტების სასაზრდოოდ იყო დასმული, რათა მსგავსი ტიპის საგარეო აქტორების განცხადებებით, ქართულმა ოპოზიციამ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას.
"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჯო უილსონი რას ემსახურება და რას ემსახურება ის განცხადებები, რასაც ჯო უილსონი აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით იმ სიხშირით, რა სიხშირითაც სჭირდება ქართველი აქტივისტების სიცოცხლეს. ეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი არსებობდეს. სხვ რესურსი დღეს ქართულ ოპოზიციას არ აქვს. სხვა რესურსი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აპროტესტებს იმას, რაც გასაპროტესტებელი არ არის ამ ქვეყანაში აღარ არსებობს. რეალურად, დარჩენილები არიან ჯო უილსონის და მსგავსი საგარეო აქტორების იმედად, რათა გააკეთონ რაღაც განცხადებები, რომელსაც შემდგომ გამოიყენებენ საშინაო დღის წესრიგში, ქვეყნის შიგნით პოლიტიკის საკეთებლად, ამას პოლიტიკა თუ შეიძლება ვუწოდოთ საერთოდ. კიდევ ერთხელ, სახელმწიფო მდივნის პასუხიდან, დღეს რა დასკვნაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ აშშ-ს საქართველოსთან და ზოგადად ამ რეგიონთან მიმართებაში პოზიციები არ აქვს. ეს არის ის საკითხი, რომელიც განიხილება და ჩამოყალიბდება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოზე პირველი განცხადება გააკეთა და ახალი ადმინისტრაციის პოზიციაზე ისაუბრა. ტრამპის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, საქართველოს ხელისუფლებას ანტიამერიკული მთავრობა უწოდა.
კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მარკო რუბიომ ამერიკის მიზნებსა და ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა და კითხვაზე პასუხად თავად დასვა კითხვა: "არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს." სახელმწიფო მდივანი არ აკონკრეტებს რას გეგმავს ვაშინგტონი, თუმცა ადასტურებს, რომ საკითხი აქტიურად განიხილება.