საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეუთო-ს მინისტერიალი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა საქართველოსთვის, რათა ამ ორგანიზაციის ფარგლებში იყოს მსჯელობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსთვის ნომერ პირველი უსაფრთხოების გამოწვევა არის რუსული ოკუპაცია და ესაა ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში.
„ჩვენი მესიჯი არის ცხადი, ჩვენი გზავნილი არის ცხადი. ჩვენ გვსურს, მშვიდობიანად მოვაგვაროთ ის კონფლიქტი, რომელიც არსებობს და ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი სწორედ ამ აქცენტით იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში. ჩვენ ველოდებით, რომ შემდგომი თავმჯდომარეობა, ისევე როგორც ეს მალტის თავმჯდომარეობამ გააკეთა, ეწვევა საქართველოს და ადგილზე გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რაც დგას ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში ვიზიტის შეჯამებისას.
მაკა ბოჭორიშვილმა, რუსული ოკუპაციის გარდა, სხვა გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან უწევს გამკლავება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.
„ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ მანიპულაციას, თუ სხვადასხვა ქმედებას, რომელიც მიმართულია საქართველოს უსაფრთხოების, თუ საქართველოში სტაბილურობის წინააღმდეგ. ძალიან ხშირად ხდება ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესების გარედან წახალისება, თუ გარედან ზემოქმედების მოხდენა ამ პროცესებზე. ჩვენ ამას ვაკვირდებით დღესაც და ეს პლატფორმა კიდევ ერთხელ კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ მკაფიოდ ვთქვათ, რა არის ჩვენი გზავნილი. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს საგარეო ურთიერთობებში პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება. ჩვენთვის მნიშვენლოვანია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გამოყენებული იყოს ევროინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად და არა პირიქით, მანიპულაციებისთვის, რაც ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს. ესეც კიდევ ერთხელ, ხმამაღლა გაჟღერდა, რომ საქართველო არის ერთგული იმ ვალდებულებების, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ჩვენ ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და გავაგრძელებთ ამის კეთებას ისევე კეთილსინდისიერად, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.