„საქართველო არის ქვეყანა, რომლის ამოცანაა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. ეს რეფორმები არის გზა ევროკავშირისკენ, ოჯახისკენ, რომელსაც საქართველო ისტორიულად ეკუთვნის“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარული სესიის ფარგლებში გამართულ რეგიონების პალატის შეხვედრაზე მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.
თავის მოხსენებაში, ლევან ჟორჟოლიანმა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, „მწვანე დღის წესრიგის“ მიზნებსა და ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, ქვეყანა აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სხვადასხვა სფეროების რეფორმირებას.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, თავის გამოსვლაში ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კორიდორს, აქვს პოტენციალი გაზარდოს მისი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილო-სამხრეთის ტრანზიტულ პროექტებში და ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად.
„გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტური გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო ასპარეზზე, რათა შექმნას ხელსაყრელი გარემო ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებისა და განხორციელებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ევროკავშირთან და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნებთან კავშირების დამყარებას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტების განვითარებას“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებს, ლევან ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ საპილოტე პროექტებზე, რომლებმაც ნათლად აჩვენეს, თუ როგორ შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას შექმნას გარემოსდაცვითი დღის წესრიგი. ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, მთავარი ინსტიტუციონალური რეფორმა მდგომარეობდა იმაში, რომ სივრცითი მოწყობის პროცესში ერთმანეთთან გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და ურბანული სერვისები დაეკავშირებინათ.
„თბილისის საკრებულომ მიიღო „ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია „მწვანე ქალაქის“ პრინციპი. ამ პრინციპის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა შემოიტანა ახალი მიდგომა ურბანულ დაგეგმარებაში. თბილისის ყველა რაიონში ყველა მოქალაქის უფლებაა ჰქონდეს წვდომა ახალ ან განახლებულ მწვანე სივრცეებზე, როგორიც არის დიდი პარკები და რეკრეაციული ზონები.
რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, ბევრმა დეველოპერულმა კომპანიამ ვერ შეძლო ომამდე დაწყებული მშენებლობების დასრულება, რამაც საცხოვრებლის პრობლემები შეუქმნა ათასობით ადამიანს. შეჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე, გარემოზე გავლენის შესამცირებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შექმნა უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც ინვესტორებს და 15 წლის განმავლობაში საცხოვრისის მოლოდინში მყოფ ადამიანებს მეორე შანსს აძლევს“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა და ცდილობს დააბალანსოს კერძო და საზოგადოებრივი ინტერესები, შექმნას ქვეყანაში ჯანსაღი და ფინანსურად სტაბილური საცხოვრებელი გარემო. ამ გზაზე კი ევროკავშირისა და პარტნიორი ორგანიზაციების როლი არსებითია.