"მოვუწოდებდი ISFED-ს, რომ ანგარიში გამოაქვეყნონ და შემდეგ გააკეთონ რაიმე ტიპის კომენტარები" - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.

მაჭავარიანი ISFED-ის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია. 

ლევან მაჭავარიანი სპეკულაციაზე საუბრობს. 

"ეს არის მორიგი ცილისწამება. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ზუსტად იგივე პრინციპით არჩევნები ჩატარდა 6-ჯერ, შუალედური არჩევნები და ცესკომ ჩაატარა 8 პილოტი, სადაც ყველამ მონაწილეობა მიიღო, ოპოზიციამაც, პოზიციამაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და ა.შ. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ისევ ჰაერიდან მოტანილი სპეკულაცია. ერთადერთი, რაც პირველადად ობიექტური თქვა ISFED-მა და მე ძალიან გამიკვირდა, არის ის, რომ მათი პარალელური ხმის დათვლა აბსოლუტურ თანხვედრაშია ცესკოს შედეგებთან, მაგრამ ისინი ანგარიშს არ აქვეყნებენ. მოვუწოდებდი ISFED-ს, რომ ანგარიში გამოაქვეყნონ და შემდეგ გააკეთონ რაიმე ტიპის კომენტარები," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.