პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მხარდამჭერებმა მადლობა გადაუხადა.
"ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია. ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომლებიც სათავეში ედო ენმ-ს დაფუძნებას, ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას, ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირ გამოვლინებაა. ჩვენ არ ვაპირებთ ცხადია ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს.
მიშა, მინდა შეგპირდე, რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი. ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გატეხა შეუძლებელია. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იხდის სასჯელს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს გამარჯვება ეძღვნება ჩვენს ძმებს და დებს უკრაინაში. უკრაინა ჩვენს გულშია და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ლვოვიდან ხარკოვამდე და კიევიდან ოდესამდე, რომ ჩვენ მათ გვერდში ვართ მყარად, რომ ქართველი ხალხი ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდითაა. ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას და მის მომხრეებს, ნონას და მის მხარდამჭერებს, გიორგის და მის დაუღალავ თანამებრძოლებს. მე დღეს გიწვდით მეგობრობის ხელს, ჩემი მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდა.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
ნონა მამულაშვილი - 3.33%;
ნიკა მელია - 40%;
გიორგი მუმლაძე - 3.68%
ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დასრულდა.
განცხადება პარტიაში ცოტა ხნის წინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა. მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638 ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა მიიღო.