თუ ვინმეს რამეს გაყალბება უნდოდა, მაშინ  რატომ გაჰქონდა მიშა სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუში შემოჰქონდათო რომ ეთქვათ, კიდევ გავიგებდით რამეს პირობითად -  ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ,ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა, სადაც მათი განმარტებით ასახულია, თუ როგორ ცდილობდა ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.

„ცხადია,  სავარაუდოდ პოლონელი მხარე არ ენდობოდა ქართველების ანალიზებს და შესაბამისად, რომ ვივარაუდოთ ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული რეალური ბიოლოგიური მტკიცებულება ჰქონოდათ. თუ ვინმეს რამეს გაყალბება უნდოდა, მაშინ  რატომ გაჰქონდა მიშა სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუში?  შემოჰქონდათო რომ ეთქვათ, კიდევ გავიგებდით რამეს პირობითად.  თქვეს, ეს ნდობას აღარ იწვევსო. რატომ? იმიტომ ხომ არა რომ ნამდვილი რეალური შედეგი დადგება კვლევის შედეგად? ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ რეალური სურათი დაიდოს და ამიტომ ხომ არ ხდება ამ პროცესის დაზიანება? რასაც თვითონ ამბობენ, ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანა კანონიერადაც შეიძლებოდაო, ოღონდ დავლუქავდითო ჯერ, ბიძინა ივანიშვილს გადავახედებდითო, მერე პუტინთან გააკეთებდნენ რევიზიას და ბოლოს პოლონელებს რას გაუგზავნიდნენ კაცმა არ იცის.  როგორ შეიძლება ეს მოჰყვე, რომ ამ დონეზე არ გენდობა პოლონეთის სახელმწიფო და თუ ესენი თავად რასაც საუბრობენ მართალია,  ეს არის ტრაგედია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილა.