პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 96 ხმით დაუჭირა. რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრის პროცედურა განხილვის გარეშე გაიმართა.
ლევან იოსელიანი 6 წლის ვადით აირჩიეს.
„სიმართლე გითხრათ, გამოვედი ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი, რაც გინდათ ის დაარქვით. მიუხედავად ამისა, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში, ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე ბევრი მამაკაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ ვერ შემომხედავდა თვალებში. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ვინც ეს ნდობა გამომიცხადეთ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ჰქვია ძალიან საპატიო სახელი – სახალხო დამცველი, ვიყო ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი“, – განაცხადა იოსელიანმა.