საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს,- ამ სიტყვებით, თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, საკრებულოს წევრმა, ლადო ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა.
„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართველდაო ამბობენ“. ქრისტიანობისთვის გავწყდით, გავიჟლიტეთ, თავი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ამ ერთმა მუჭა ერმა სული მივეცით ხორცისთვის და ქრისტიანობა შევინახეთ“. სამი სიტყვა გაქვთ ილია ჭავჭავაძის წაკითხული მხოლოდ და მესამე სიტყვა „სარწმუნოება“ თაბაგარს შეაცვლევინეთ „ერთობით“ და დგახართ აქ და ერთობისთვის ბრძოლაზე ლაპარაკობთ“,- აღნიშნა ბოჟაძემ.
საკრებულოს წევრმა ასევე ისაუბრა 29 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც. ბოჯაძის თქმით, 29 აპრილს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველა ნახავს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის ქართველი ხალხი.
„მთელ საქართველოს, ყველა ეროვნებისა თუ სარწმუნოების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, 29 აპრილს მოხვიდეთ, რათა დავიცვათ ჩვენი მამული, რომელიც საერთო გვაქვს, ქართული სახელმწიფო ენა და ყოველი თქვენგანის მშობლიური ენა და სარწმუნოება, რომელიც ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს მხოლოდ ქრისტიანული ჰგონიათ და სხვა სარწმუნოებას პატივს არ სცემენ. ფსევდოლიბერალური საფრთხე ყველა სარწმუნოებას ემუქრება, სწორედ ამიტომ ერთად დავდგეთ მთელი საქართველო მამულის, ენის, სარწმუნოების დასაცავად. საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
ლადო ბოჟაძე გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერთა გამოსვლებსაც და განაცხადა, რომ ისინი ამომრჩევლებს „მოსყიდულებს, მშიშარებსა და გაყიდულებს“ უწოდებენ.
„ისევე როგორც წინა რეზოლუციების, გუშინდელი რეზოლუციის შედეგიც იქნება ნული: სააკაშვილი იჯდება ციხეში, საქართველოს ვერავინ დაასანქცირებს, მივიღებთ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს“, – აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.