მოვუწოდებ ივანიშვილსა და "ოცნებას", რომ დროზე იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ მშვიდობის ხიდთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
„მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და სასწრაფოდ გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ დახმარებას აღმოუჩენენ. ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ის კლინიკაში იმყოფება, ყოველდღიურად წონას კარგავს, ყოველდღიურად ტემპერატურა აღენიშნება, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, საუბარია შესაძლო მოწამვლაზე. ამ ვითარებაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფება, მისი საქართველოში დატოვება, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია. სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი. აქ უკვე საუბარი არ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, საუბარია მისი სიცოცხლის გადარჩენაზე.
სრული პასუხისმგებლობა მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ეკისრება ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ამიტომ მე მოვუწოდებ მათ, რომ დროზე იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, მის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.