„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად დიდი პარტიაა, რომ ყველას, ვინც გადაწყვეტს, რომ მის ორბიტაზე შევიდეს, გადაყლაპავს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და განმარტა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით გასვლა ჭკვიანური არ არის.

„ერთიანი სია არ მეჩვენება ჭკვიანურად, რადგან უახლესი სპეციფიკური ისტორიული გამოცდილება გვაქვს. ჩვენ პარლამენტში მოხვედრა კი არა, ბიძინა ივანიშვილს ჩამოცილება გვინდა ძალაუფლებიდან, ხომ? ამიტომ ყველა თავის პარტიულ, არ ნომენკლატურულ, არამედ იდეურ განსაზღვრაში უნდა იყოს უფრო აქტიური. „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე იქნება კონკრეტული პარტიები, მაგრამ მე მგონია, ჩემი დაკვირვებით, (ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ პარტიაში აღარ ვარ, ეს მანამდეც ნათქვამი მაქვს) „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად დიდი პარტიაა, რომ ყველას, ვინც გადაწყვეტს, რომ მის ორბიტაზე შევიდეს, გადაყლაპავს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე  თქმით, ე.წ. სამეულს, ზურა ჯაფარიძეს, ელენე ხოტარიასა და გიორგი ვაშაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე შესვლას არ ურჩევს.

„მე თუ მკითხავთ, ე.წ. სამეულს არ ვურჩევდი, რომ ამ ორბიტაზე შევიდეს. ზურა ჯაფარიძეს ჰქონდა თავისი სეგმენტი, ახალგაზრდული, ამავე დროს ძალიან ზრდადი, ყველა კვლევა აჩვენებდა მის ზრდას. არ მომისმენია, რომ მაინც და მაინც უნდა, ამ ორბიტაზე შევიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევხედავდი, რომ გაცილებით უფრო ზრდადი და დამოუკიდებელი მოთამაშე შეიძლებოდა ყოფილიყო.

ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, გამსხვილებები იქნება, ყველამ უნდა გადაწყვიტოს, დამოუკიდებლად მიდის თუ არ მიდის, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ პარლამენტში მოსახვედრად არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ არ პოლიტიკურ ბრძოლაში იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი შევცალოთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.