„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რაც მეტი პროტესტი, მოძრაობა და მოქმედება იქნება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თუ სად და როდის გაიმართება აქცია.
„რაც მეტი აქცია, მეტი დაორგანიზებული პროტესტი იქნება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ამან არავინ უნდა ააღელვოს. მართლა გულწრფელად არ მესმის, როდესაც საუბარია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების, ჩემი მეგობრების მიერ დაანონსებულ აქციაზე, რომელიც არის სახელმწიფო კანცელარიასთან და შემდეგ ივანიშვილის სახლთან, რატომ შეიძლება აღიქმებოდეს ვინმესთვის პრობლემად, გულწრფელად ვერ გამიგია, მეტიც, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე არის გააქტიურებული. შეგიძლიათ ნახოთ წინა წლის ახალი წლის დღეები. მაშინაც ტყვეობაში გვყავდა ჩვენ პრეზიდენტი სააკაშვილი. შესაბამისად, კარგია, რომ ახლა ლოკაციებზე მიდის კამათი, საათზე, ფორმაზე. რაც მეტი პროტესტი, მოძრაობა და მოქმედება იქნება მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ვხედავ, ნიკას მეგობრები ადგილს იწუნებდნენ და ამბობდნენ, რომ „მშვიდობის ხიდთან“ იკრიბებოდნენ, დღეს ნიკა არ არის მშვიდობის ხიდზე, საერთოდ სხვა ლოკაციაზე წავიდა და რატომ არის პრობლემა სახელმწიფო კანცელარიის მოედანზე გაპროტესტება, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლა, ეს უკვე თავად ნიკას და მის მომხრეებს უნდა ჰკითხოთ. რატომ შეიძლება აღელდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მისი მომხრეები ივანიშვილის სახლთან აქციაზე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.