„სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ეს მილიარდები არსად არ ჩანს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ევროკავშირისგან 14 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების თემაზე ოპოზიციისგან „ქართული ოცნებისთვის“ დებატების შეთავაზებაზე კომენტარი სთხოვეს.
კახა კალაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან, სტატუსთან ერთად, საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარების შეთავაზება სპეკულაციას წარმოადგენს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება.
„პასუხი არის მარტივი - ეს იყო სპეკულაცია და ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ჩვენ მივიღებდით მილიარდობით დოლარს. თუ არ მივიღებდით, ქვეყანა თითქოს კარგავდა მილიარდობით თანხებს. ეს იყო ტყუილი და სპეკულაცია, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. საბოლოო ჯამში, რა მოხდა? ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს მილიარდები არსად ჩანს. იგივე ხდება ამ 14 თუ 16 მილიარდთან დაკავშირებითაც. რაღაც ხომ უნდა მოიფიქრონ ახლა წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ხალხთან არაფერი აქვთ სათქმელი. რა უნდა უთხრან მოსახლეობას ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე, როდესაც ერთი სული აქვთ, საკუთარ ქვეყანაში ომი გაჩაღდეს და მეორე ფრონტი გაიხსნას. ამბობდნენ, გვირჩევნია, ბომბები ცვიოდესო და უკრაინას ადარებდნენ ვითარებას, გვირჩევნია, რაც უკრაინაშია, ის ვითარება იყოს საქართველოშიო. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, მოსახლეობასთან მივიდნენ, დაელაპარაკონ, დაპირებებზე კი ზედმეტია საუბარი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ მიიღებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დებატებში მონაწილეობას.
„დებატებს რაც შეეხება, ხომ იცით ჩვენი პოზიცია. არაერთხელ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ, პრემიერმა კობახიძემაც გააკეთა ამაზე განცხადება, მეტ სიახლეს მე ვერაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სად არის კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ის მილიარდები, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ მივიღებდით? ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.