„რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძე დადებითად აფასებს მმართველი გუნდის ინიციატივას, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ეს დროული, სწორი და მნიშვნელოვანია, რადგან ხარვეზი იყო ამ მიმართულებით. ზოგადად, რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ეს არახალია. ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები. მათ პირდაპირ გაცხადებული აქვთ, რომ ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, სარწმუნოებას, პატრიარქს, ჩვენს წარსულს, რომლითაც ვამაყობთ, ჩვენს კულტურას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არაფერი გამოუვა, ყველასთან მიმართებაში იქნება შესაბამისი მიდგომები კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე - ხომ არ შეუქმნის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებას, თბილისის მერი ამბობს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სათანადოდაა დაცული.
„ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. შეიძლება, ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იყოს ასეთი ვითარება და მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. - სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას
საპატრიარქოს განმარტებით: სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში და არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ