ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა, არავის მიეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
მისივე თქმით, ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, რეალობაა და რადიკალური დაჯგუფებები ცდილობენ, ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ.
„თემა მარტივია და ძალიან მარტივი ენით ვიტყვი: როდესაც ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, დააკვირდით, რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ ყველაფერზე. მიდის მიზანმიმართული ქილიკი, რომ შესაბამისი უწყების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამის მცდელობა აქვთ, თუმცა ის, რაზედაც იყო სუსის მხრიდან საუბარი, რეალობაა. არ იფიქროთ, რომ კონკრეტული დაჯგუფებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მხოლოდ თავიანთი თავებით მოქმედებენ. მათ აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ. მცდელობა აქვთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი გზით. მერწმუნეთ, არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით ვამბობ ამას. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვაშინებ - მინდა, ყველამ იცოდეს, მშვიდად იყავით, მეგობრებო! ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ჩვენ ხალხს, ამ ქვეყნის მომავალს და ხვალინდელ დღესაც!“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„ეს ადამიანები - იგივე სააკაშვილის, ბატონი ვაშაძის განცხადება იარაღის ხელში აღებასთან დაკავშირებით, თუნდაც თავიანთი განცხადებებით ადასტურებენ სუსის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით! არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, დაპირისპირება და ხელისუფლების დამხობა სცადონ. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხმებით. მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხვალ ხელისუფლებაში და ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი. ვინც დააპირებს არაკანონიერ ქმედებებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.