საზოგადოებას ვერანაირი არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ცუდი ან რატომ აქვს პრობლემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას პროცესის ღიაობასთან დაკავშირებით.

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო და ღია, საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია  გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რადგან აქ საუბარია მხოლოდ ერთ რამეზე: იმ კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას იღებენ დონორი ორგანიზაციებისგან, შეავსონ დეკლარაცია  და ეს იყოს გამჭვირვალე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყნის ინტერესშია.

„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა და ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში და მისცეს მითითება პარლამენტს, რომელიც უფლებამოსილია ხალხისგან, რა კანონი მიიღოს. არ მოგწონთ აღნიშნული კანონპროექტი? - აგერ ოქტომბერში მოდის არჩევნები, ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ, ძალიან მარტივია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ის პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე იღებს.

„მე - კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის - შენარჩუნებული იყოს სახელმწიფოებრიობა, სიმშვიდე და არავის მიეცემა უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, დღეს საკანონმდებლო ორგანოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. რის გამო, დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე

საკომიტეტო მოსმენის პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია - "არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ,  საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ