„საზოგადოება ხედავს, რაც ხდება რეალურად. ამდენი დღის განმავლობაში, ვერ მოვისმინეთ ერთი არგუმენტიც კი, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი პრობლემა და რატომ ეწინააღმდეგება ევროპას, ევროკავშირში გაწევრიანებას. რამეს არღვევს? - ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას თუ რატომ არის პრობლემა? ერთი არგუმენტი ხომ შეიძლება წარმოადგინონ? ხომ შეიძლება ახსნა? ვერავინ ხსნის ამ ყველაფერს. არგუმენტები არ გააჩნიათ და იმასაც ამბობენ, არგუმენტებში არ უნდა შევიდეთო. აბსოლუტურად გაუგებარია და სრული სიგიჟეა." - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, მისი მომავალი, რათა ვერავინ გაბედოს, საქართველოს მიუთითოს, თუ რა კანონი და გადაწყვეტილებები მიიღოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, მაგრამ ეს ყველაფერი აცდენილია მეგობრობას და პარტნიორობასაც. მაგას სხვა სახელი ჰქვია და არ ვიკადრებ თქმას, რაც. თუ რამის თავი გაქვთ, ხომ მოდის არჩევნები? გაიმარჯვეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგეწონებათ, მაგრამ იცით, რომ არჩევნებში თქვენი გამარჯვების შესაძლებლობა ნულს ქვემოთაა, იმიტომ, რომ რადიკალები ხართ, ამ ქვეყნისა და ხალხის მოძულე ხართ.
საერთოდ არ გაინტერესებთ სამშობლო და ქვეყნის ინტერესი. რასაც დაგავალებენ, გამოდიხართ და თუთიყუშებივით ყვირით. რომელმა ნორმალურმა, გონიერმა ადამიანმა შეიძლება იკადროს ის, რაც თქვენ იკადრეთ მაშინ, როდესაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ამბობდით, ამ სიტყვების მოსმენას გვერჩივნა, ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. აღარ მინდა გავაგრძელო", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
ოფიციალი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები“, ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო".
პრემიერის გაკეთებული განცხადების შემდეგ, თარჯიმანმა ზაალ ანდრონიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის განცხადების თარგმნისას სრულიად შეგნებულად ახსენა "აგენტების" კანონი.
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.