თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ადამიანის უფლებები არის თემა, რომელიც დღეს, ქვეყანაში დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მმართველი გუნდის ინიციატივაა, რომ მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი განმარტებები გაკეთდა. გუშინ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა ამაზე. დაიწყება კანონპროექტის მომზადება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა. თუ გადავხედავთ იმ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია.
მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი: ადამიანის უფლებები - ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც დღეს ქვეყანაში დაცულია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სარწმუნოება აქვს, ვინ რა სექსუალური ორიენტაციისაა, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს, ხელს შეუწყობს, რომ ეს პროპაგანდა არ გავრცელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.