თბილისის მერმა კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა.
მისივე განმარტებით, ოპოზიციას აღნიშნული კანონის საწინააღმდეგოდ არანაირი რეალური არგუმენტები არ გააჩნია.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი რუსულ კანონთან გამჭვირვალობის კანონს არ აქვს. ეს არის ტყუილი, სპეკულაცია. საუბარია ორგანიზაციებზე, ტელევიზიებზე, რომ მათი უცხოეთიდან მიღებული გრანტები, დაფინანსებები წარადგინონ დეკლარაციაში და ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ეს არის ევროპული კანონი, ისეთივე კანონია, როგორიცაა ამერიკაში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, იგივე დაინიციირა ევროკავშირმა. ხომ გვინდა ევროპა, მხარს ვუჭერთ გამჭვირვალობას, მაშინ რატომ არ გვინდა მივიღოთ კანონი, რომელიც მეტ გამჭვირვალობას მოიტანს? “, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება დღის წესრიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დადგა.
„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაიზარდა საფრთხეები ქვეყანაში შემოსულ გაუგებარ დაფინანსებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ინსტიტუციებს, ამიტომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. საზოგადოებას უნდა მიუწვდებოდეს ხელი, ვინ საიდან იღებს დაფინანსებას. ეს ვალდებულება არ ეხება სტუდენტებს, ფიზიკურ პირებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაცემულ გრანტებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.