მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ ჭერის პროექტი განახლდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სრულად რეაბილიტირდება და განახლდება აღნიშნული სადგურის ზედა ვესტიბიული, საესკალატორო გვირაბი, ქვედა ბაქნის ინტერიერი და შიდა ინფრასტრუქტურა.
„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ქვედა ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტის ფილების დემონტაჟი, რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ განახლდა ჭერის პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე, მშენებელი კომპანია ჭერის მასალების დამამზადებელ კომპანიასთან ერთად ამუშავებს საინჟინრო-სამონტაჟო დეტალებს, რათა დამზადდეს ჭერის მასალები.
„ჭერის პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ გარკვეულწილად შეაფერხა სამუშაოების პროცესი, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.