დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონმდებლობა შთაგონებულია არა რუსეთიდან, არამედ ამერიკის კანონმდებლობიდან.

„აღნიშნული კანონი შთაგონებულია ამერიკიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან. ჩვენ მივესალმებით FARA-ს კანონს, რომლის საშუალებითაც ბევრი სიბინძურე გახდა ცნობილი საქართველოში, თუ რომელი ევროპარლამენტარი რა ლობიზმით მოქმედებს, რეზოლუციებს რა ლობიზმით იღებენ. მადლობა აშშ-ს, რომ მოქმედებს აღნიშნული კანონი და ბევრი რამ გახდა ცნობილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე ბევრი იქნება ცნობილი, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით შევა ძალაში და გაიგებს საქართველოს მოსახლეობა, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ - მტერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე უპასუხა მედიის შეკითხვას „გამჭირვალობის“ კანონპროექტის ამერიკულ FARA-სთან შედარების შესახებ და აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი ვერ იქნება ამერიკულის ანალოგი.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ანალოგი. ჩვენ ანალოგები და კოპირებები არ გვჭირდება. ეს არის ქართული კანონი. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერ ნახავთ ვერცერთ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ხელისუფლებაში ვართ, რომელიც ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებული აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.   დღევანდელ აქციაზე,  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს

საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე

ასევე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს

შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი

საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. 

ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. 

 სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება 30 აპრილის აქციაზე არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე

ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას    

რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.