დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ორივე ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანი საკითხია.
როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, ის უბედურება, რაც უკრაინაში ხდება, საქართველოსაც გავლილი აქვს.
„ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკრაინას, უკრაინელ ხალხს მინდა ვუსურვო მშვიდობა. ძალიან დიდი უბედურებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ გამოვლილი და გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე ეს უბედურება და ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მეგობრობა და პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს.
„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მეგობრობა, პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი. ეს უნდა იყოს ორმხრივი. გულდასაწყვეტია, რომ გაუგებარი მიზეზებით, თუნდაც ავიღოთ ელჩის გაწვევა, არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია, თუ რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. კიდევ ერთხელ მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.