თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა. მისი თქმით, დოკუმენტი ვერ იქნება ღირებული, როდესაც ქველმოქმედი ადამიანის სანქცირებაზეა საუბარი, ხოლო „კრიმინალი“ კი თურმე უნდა გათავისუფლდეს.
„მე დილითაც ვთქვი, რომ რეზოლუციისგან არაფერს ახალს და განსხვავებულს არ ველოდი. შედეგი მართლაც იგივეა, არაფერი სიახლე რეზოლუციას არ აქვს. მას არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს. როდესაც სიცრუეზე, სიყალბეზე და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებით არის საუბარი, ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, სერიოზული სახე ვერ ექნება. ავხსნი რატომაც - დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის მფარველობაზე თავისი ლობისტების მხრიდან, ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი. როდესაც მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს, ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი.
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ რთულ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ქვია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს დღესაც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ბევრი კონკრეტული პროექტი განვახორციელეთ. ბევრი წარმატება გვქონდა, მიუხედავად სირთულეებისა. დღესაც, ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას, მაგრამ ვიხილეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის არ მიღებასთან დაკავშირებით. ეს გააკეთეს ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.