"გამოიკვეთა, რომ თანხის გადახდით თურმე შესაძლებელი ყოფილა აღნიშნული რეზოლუციების მიღება" - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის შესაბამის კითხვას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ხომ არ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, ვინაიდან დასავლელი პარტნიორების ნაწილი მას მოიხსენიებს ოლიგარქად, რასაც რეზოლუციებშიც აღნიშნავდნენ.
"აღნიშნულ რეზოლუციებში ძალიან დიდი სიბინძურე და სიცრუე იყო მოცემული. ამაზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობდით, არაფერს ვუმალავდით საზოგადოებას. ვიცით, რა იყო ამის მთავარი მიზეზი და მიზანი: ის, რომ ქვეყანაში როგორმე მოეხდინათ ხელისუფლების ცვლილება და ყველა მეთოდის იყენებდნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, გაიშიფრა ეს ყველაფერი. საზოგადოებამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ რას აკეთებს, რომელი პოლიტიკური პარტია ზრუნავს ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე და ვინ არის მოწადინებული, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დაძაბულობა, არეულობა და გაატაროს ვინმე სხვა, კონკრეტული ადამიანების და ქვეყნების ინტერესები", - განაცხადა კახა კალაძე