ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს წაადგება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და მართლაც გარდამტეხი როლი ითამაშა 2012 წელს იმ ცვლილებებში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობა გაიმართა. არჩეულ იქნა პოლიტსაბჭო და ყველაზე მნიშვნელოვანი – საპატიო თავმჯდომარედ წარდგენილ იქნა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა. ადამიანი, რომელმაც დააფუძნა აღნიშნული პარტია და მართლაც გარდამტეხი როლი ითამაშა 2012 წელს იმ ცვლილებებში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
ერთ რამეს ვიტყოდი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2012 წლიდან დღემდე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარტიას არ გადაუხვევია იმ პრინციპებიდან და ღირებულებებიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაცხადდა 2012 წელს. მაშინ, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ყველაფრის გაგრძელებას და ეს არის: დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ეს იქნება ყოველთვის. პირველ ყოვლისა, დაცული იქნება სამშობლოს ინტერესები და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს წაადგება არა მხოლოდ მმართველ პარტიას და გუნდს, არამედ მთელ ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.