თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას, ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მიუღებელს უწოდებს.
„გადაწყვეტილება, რაც მოვისმინეთ, აბსოლუტურად მიუღებელია. არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, წარმოადგენენ, თუ რას დაეფუძნა აღნიშნული გადაწყვეტილება, რა იყო ამის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენულ სახელმწიფოსა და დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის. ილია დარჩიაშვილს ჰქონდა კარგი წერილი, სადაც დეტალურად წარმოადგინა მაგალითები, რა ხდებოდა 2012 წლამდე სასამართლოში, რა დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას და რა გვაქვს დღეს.
სასამართლო ჩვეულებრივი ნოტარიუსი იყო. დღეს ადამიანები, რომლებიც გაუგებრად ასანქცირებენ მოსამართლეებს, გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურა იყო. საქართველოში მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ და ისინი სწორ ანალიზს გააკეთებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ