თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, თვითდაზიანების რეჟიმშია და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში, ექიმების მიერ განსაზღვრული კალორაჟი უნდა მიიღოს.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავიდანვე არის დაგეგმილი - მისი „შემოტანა“ საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთი, შემდეგ კი ყოველდღიური ნაბიჯები. იცით, რა იყო გეგმა ამ ყველაფრის - დაპირისპირება, არეულობა, რევოლუცია, გადატრიალება, სისხლის ღვრა და ა.შ. ეს გეგმა ჩაუვარდათ. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პირველივე დღიდან დაიწყეს კამპანია, რომ როგორმე მისი გათავისუფლება მოხდეს. მთავარ საფუძველს კი ურთავენ იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, რომლის შემოქმედი, რა თქმა უნდა, თვითონაა. ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, რომელშიც ხელს უწყობს მისი გარემოცვა, ოჯახის წევრები, რაც ძალიან ცუდია. ყველაფერი უნდა გააკეთოს პირველ რიგში, მან და მისი ოჯახის წევრებმა, რომ შესაბამისი კალორაჟი და საკვები მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საზღვარგარეთ სამკურნალოდ ექსპრეზიდენტის შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ განიხილება.
„ეს უბრალოდ შეუძლებელია. რომელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა საუბარი?! ჩვენ ვართ სახელმწიფო და გაგვაჩნია ინსტიტუტები. როგორ წარმოგიდგენიათ პატიმარი, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი და იმის გამო, რომ არ იკვებება, არ იღებს შესაბამის კალორიებს, არის თვითდაზიანების რეჟიმში, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს ადამიანი გაუშვას?! სხვა პატიმარს რას ეუბნები?“, - აღნიშნა თბილისის მერმა.