რუსეთი ახლა ბომბავს უკრაინას, მაგრამ უბრალოდ შესაძლებლობა არ აქვს დაბომბოს პოლონეთი, საფრანგეთი, ბერლინი. ხომ უსმენთ, როგორი რიტორიკა აქვთ რუსებს - წარმოიდგინეთ, არის აქტორი, რომელიც ანადგურებს იმ ევროპას, რომელზედაც შენი მომავალია დამოკიდებული და შენ მასთან აბამ „ფლირტს? - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.
მისი შეფასებით, სავიზო რეჟიმის გაუქმება, ეს არის საქართველოს ხელისუფლების „ფლირტი“ რუსეთთან.
„საქართველოს ევროკავშირთან სხვანაირი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ამბიცია, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი მომავალი უსაფრთხოება, საერთოდ ჩვენი არსებობა, ეკონომიკური მდგრადობა, ადამიანური განვითარება, კულტურის, იდენტობის შენარჩუნება, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე მოვახერხებთ, თუ არა ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას და კიდევ უკეთესი, თუ ამასთან ერთად ნატო-ს წევრებიც გავხდებით. ანუ ეს არის დღევანდელ სამყაროში ჩვენი გადარჩენის ფორმულა.
რაც შეეხება იმას, თუ რა არის ცუდი ვიზის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაში, ეს არის რუსეთთან ურთიერთობების დათბობა და უკეთესი ურთიერთობების დინამიკა, როდესაც ომია და რუსეთი ანადგურებს ევროპას. მაგალითად, ახლა ბომბავს უკრაინას, მაგრამ უბრალოდ შესაძლებლობა არ აქვს დაბომბოს პოლონეთი, საფრანგეთი, ბერლინი. ხომ უსმენთ როგორი რიტორიკა აქვთ რუსებს, გინდათ სამხედროებს გინდათ პოლიტიკოსებს, ხვალვე დაბომბავდნენ ყველას და ახლა, წარმოიდგინეთ, არის აქტორი, რომელიც ანადგურებს იმ ევროპას, რომელზედაც შენი მომავალია დამოკიდებული და შენ ამასთან აბამ „ფლირტს?, აბამ კარგ ურთიერთობებს და აწყობ შენ მატერიალურ კეთილდღეობას?“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.