"აფხაზეთის ომის მერე ტამიშში ორჯერ ვიყავი: 2008 წელს, გია შერვაშიძესა და დავით თარხან- მოურავთან ერთად. მაშინ აფხაზებსა და ქართველებს შორის დიდი შერიგება დაიგეგმა, სამ თვეში კი, აგვისტოს ომმა ყველაფერი ჩაშალა..." - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"32 წელი გავიდა ტამიშის ბრძოლიდან.

600 კაციანი დესანტის მოგერიებას და ჩვენი პოზიციების შენარჩუნებას 300 ქართველი მებრძოლი შეეწირა. დუშეთის ბატალიონი, ავაზა, შავნაბადა... საოცარი ბიჭები და გოგონები, საოცარი თაობა... ტამიშში მე ცალკე ვიყავი და ჩემი ძმა კოტე- ცალკე, ერთმანეთი ბოლოს ვიპოვეთ, როცა კოტე დუშეთის ბატალიონის მეომრების ცხედრებთან, ქვაზე იჯდა... ცოცხლად მახსოვს ეს კადრი.

აფხაზეთის ომის მერე ტამიშში ორჯერ ვიყავი: 2008 წელს, გია შერვაშიძესა და დავით თარხან- მოურავთან ერთად. მაშინ აფხაზებსა და ქართველებს შორის დიდი შერიგება დაიგეგმა, სამ თვეში კი, აგვისტოს ომმა ყველაფერი ჩაშალა...

დიდი ტრაგედიაა, რომ ქართველებისა და აფხაზების შერიგებას მტერი უფრო მეტი ჰყავდა და ჰყავს, ვიდრე მოკეთე, აქეთაც და იქითაც, სხვათა შორის. ოდესმე ამაზეც დავწერ.

ტამიშში 2020 წელსაც ვიყავი, მაშინაც, სამწუხაროდ, ჩვენი შერიგების მტრებმა კეთილი საქმე ჩაშალეს, დაანგრიეს. თანაც, ამითი ხარობდნენ.

2008 წელს, მაისში, ჩვენმა მასპინძელმა აფხაზებმა ტამიშში მანქანა გამიჩერეს და ქართულად მითხრეს: დაიკო, თუ შენი ძმების დატირება გინდა, არ დაგაჩქარებთ. მანქანიდან გადმოვედი და იქვე მინდორზე, სადაც 1993 წლის ივლისში ჩვენი მეომრების ცხედრები ესვენა, სანთელი დავანთე. ცხელი, მტვრიანი, ცრემლიანი დღე იყო 32 წლის 2 ივლისი.

დუშელებისთვის ეს ყველაზე მძიმე დღეა... აი, რა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში... აი, რომელ გმირებზე უნდა ვუყვებოდეთ ახალ თაობას... აი, რა სულისკვეთებას უნდა ვაღვიძებდეთ ახალგაზრდობაში...

მაგრამ ნამდვილი გმირების თავდადებული ისტორების გაცნობის ნაცვლად, ჩვენი შვილების თაობას ფსევდოგმირების მაგალითებს ვთავაზობთ, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ..." - წერს ირმა ინაშვილი.