· 
აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ დადგა ძალზე სახიფათო პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ვეთანხმები საპატრიარქოს, რომ მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ყოვლად მიუღებელია. 
თუ ვინმე კანონს არღვევს, არსებობს ნათელი განმარტება, როგორ უნდა იქცეოდნენ ძალოვნები:
დაუშვებელია უაღრესად დაუნდობელი ფიზიკური ანგარიშსწორება.  - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"დაუშვებელი და მიუღებელია ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რომლებიც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას. მე პირადად გავლილი მაქვს ეს გზა და დღემდე დაზიანებული მაქვს ხელი იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, პოლიციის სამმართველოსთან სასტიკად გაგვისწორდნენ. 
სწორედ ამიტომ ვერასდროს შევეგუები და ვერასდროს გავამართლებ ჟურნალისტებისა და ოპერატორების ცემას და საერთოდ, ვერც ვერავის ცემას ვერ გავამართლებ!  ყველას მოვუწოდებ: ნუ გაამართლებთ ამას! 
განსაკუთრებით მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც ებრძოდნენ და უპირისპირებოდნენ სააკაშვილის რეჟიმის ძალადობას. ის, რაც მიუღებელი იყო წინა რეჟიმის პირობებში,  მისაღები ვერანაირად ვერ იქნება დღესაც!" - წერს ირმა ინაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ". რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.

აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

გუშინდელი აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.  რამდენჯერმე მოხდა დემონსტრანტებსა და საპოლიციო დანაყოფებს შორის დაპირისპირება,დაშავებულთა შორის არიან აქციის მონაწილეები, სამართალდამცველები, ჟურნალისტები.

საინფორმაციო სააგენტო "აიპრესი" გმობს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებზე მომხდარ ფიზიკური ძალადობას.

პ.ს. "აიპრესის" გუნდი ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს.

ცნობისთვის, შსს-ს სპეცფორმით აღჭურვილმა ადამიანებმა, აქციაზე ფიზიკურად იძალადეს და დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა, რის გამო მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება არ მიეცა. ეს კოლეგების არასრული სიაა, რომლების პროფესიული მოვალეობის დროს დაშავდნენ. 

1. გურამ როგავა, ტვ ფორმულა; 

2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, პუბლიკა,  

3. დათო ცაგარელი, რადიო თავისუფლება  

4. მარიამ ნიკურაძე, 

5. ნანუკა ქაჯაია, ტვ პირველი 

6. დავით ბიჭიკაშვილი, ტვ პირველის ოპერატორი;

7. გიორგი შეწირული, ტვ პირველის ოპერატორი 

8. ანა მდივანი, ტვ პირველი

9. ნიკო კოკაია, ტვ პირველის ოპერატორი

10. გივი ავალიანი, ნეტგაზეთი

11. ნათია ამირანაშვილი, პუბლიკა

12. გიორგი გოგუა, პროექტი 64

13. ირაკლი მანაგაძე, ექსპრესნიუსი

14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი;

15. იულია კალაბანი, JAMnews-ის რეპორტიორი 

16. მარიამ გაფრინდაშვილი, ტვპირველი